“პირველად, პროფესიულ სამზარეულოში 4 წლის წინ აღმოვჩნდი, ამის შემდეგ სულ თან მდევდა სურვილი, რომ ადამიანებისთვის მიმენიჭებინა მეტი სიამოვნება და გემრიელი, ლამაზად მირთმეული საკვები, ჩემი საავტორო რეცეპტებით, დაეგემოვნებინათ. კვებითი ღირებულებებით დაბალანსებული საკვები, ორგანიზმის სრულყოფილი მუშაობისთვის უმთავრესი პირობაა. ამიტომ ინტერესმა და სურვილმა კულინარიის ღრმად შესწავლისა, მიბიძგა სფერო უფრო კარგად გამეცნო და ბევრ კითხვაზე პასუხი უფრო მარტივად მომეძებნა.
მანამდე კი იყო გზა, სტანდარტული ისტორიით. უნივერსიტეტში სწავლა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, უამრავი ტრენინგი, უცხო ენების შესწავლა და ა.შ, რომელიც, საბანკო სფეროში 7 წლიანი მოღვაწეობით დაგვირგვინდა.
საჭმლის მომზადება ყოველთვის მომწონდა და ყველა მოგზაურობის მთავარი მოლოდინი ახალი დაგემოვნებული კერძისგან მიღებულ ემოციებს უკავშირდებოდა.
ამდენად, ჩემი მეუღლის ინიციატივით მივაშურე აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიას. სწავლის პროცესშიც მივხვდი, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ შევძელი, ვიდრე მოველოდი. სასწავლო წლის დასასრულს კი აღმოვჩნდი კაფე „ლიტერაში“, თეკუნას სამზარეულოში, საიდანაც დაიწყო გზა, კულინარიის სფეროში მოღვაწეობისა. შემდეგ იყო აჭარა ჯგუფის პროექტები, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, კაფე „სტამბა“. რიგითი მზარეულის პოზიციიდან, არაერთი რესტორნისა და სასტუმროს სამზარეულოში მუშაობის შემდეგ, საერთაშორისო გასტრო-ფორუმებზე დასწრება/მონაწილეობების ჩათვლით, ჰობი პროფესიად ვაქციე და ისევ აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაშიც დავბრუნდი, უკვე არსებული ცოდნის გასაზიარებლად და დაახლოებით ერთი წელი აკადემიურ საქმიანობაშიც ვიყავი ჩართული.
ბოლოს კი მივედი იმ ეტაპამდეც, რომ ახლა მაქვს ადგილი, კაფე სახლად „ბონკაფე“, სადაც შემიძლია მოვამზადო ზუსტად ისე, როგორც ჯერ კიდევ გზის დასაწყისში, მხოლოდ ფიქრებში წარმომედგინა...
კაფის მთავარი ღირსებაა ბუნებრივ საფუარზე, ქვის ღუმელში გამომცხვარი არტიზანული პურის სახეობები და ძალიან კარგი ხარისხის ყავა, ფუნთუშეულთან, კრუასანებთან და დესერტებთან ერთად. ამასთან, სალათები, სენდვიჩები და ცხელი კერძები... ეს ყველაფერი კი გვირგვინდება ცხელი და ცივი სასმელების დიდი ასორტიმენტით. კერძები, მარტივია ყველასთვის ნაცნობი და გასაგები, მაგრამ მთელი გულით და საუკეთესო ინგრედიენტებით მომზადებული. მესტუმრეთ და ამაში თავად დარწმუნდებით. სიამოვნებით გიმასპინძლებთ და გამოგზაურებთ კულინარიის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვან სამყაროში...
წერილის ბოლოს კი მადლობა მხარდაჭერისთვის ჩემი ოჯახის ყველა წევრს, ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს ჩემს ცხოვრებაში. მე, თქვენ გარეშე არაფერი გამომივიდოდა!” - ნათია დანელია