ქართული ჭურჭელი

5 წთ. საკითხავი

ქართული ჭურჭელი

5 წთ. საკითხავი

ქართული ჭურჭელი

ჭარიკი - ეწოდებოდა საწყაო ჭურჭელს ძველ საქართველოში.  მზადდებოდა თიხისგან. იყო ფართოყელიანი ფორმის, დოქის მაგგვარი. გამოიყენებოდა წყლისა და ღვინისთვის, როგორც გადასაზიდად, ასევე შესანახად.. სულხან საბა ორბელიანის თანახმად, ჭარიკი ზომით დორას ფარდი იყო. შემორჩენილია გურიასა და აჭარაში.




გიდელი არის წნელისა და ტკეჩისაგან მოწნული უყურო, მოგრძო, პირგანიერი და ძირწაწვეტილი ჭურჭელი, რომელსაც ხეზე ჩამოსაკიდად კავი აქვს გამობმული. იხმარება მაღლარის ყურძნის და ხილის კრებისას ხილის ჩასაყრელად, ხიდან ჩამოსაშვებად და გადასატანად. ქიზიყში "გიდელა" ეწოდება პურეულის ნამჯის საზიდ უყურო მრგვალ კალათას.




ქვევრი - კვერცხისებური ფორმის, კონუსური ძირის მქონე თიხის ჭურჭელი, რომელსაც აქვს ვიწრო ყელი. საქართველოს ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან გამოიყენება ღვინის დასაყენებლად და ასევე მარცვლეულის შესანახად. მისი უნიკალურობა გამოიხატება ქვევრის შეფუთვაში - ქვევრს მიწაში ფლავენ და ჰერმეტიულად ხუფავენ. 

საქართველოში ქვევრისებური ჭურჭელი ადრეული ბრინჯაოლს ხანიდანაა ცნობილი. ძირითადად ქვევრი ღვინოსთან ასოცირდება, თუმცა ქვევრის უამრავი ვარიაცია არსებობს, რომელთა დანიშნულებაც დღემდე არ არის ჩვენთვის ცნობილი. 

ქვევრს მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურისა და ძეგლის დაცვის სამინისტროს მიერ. 

დორა არის ქვევრისებრიან კოკისებური თიხის ჭურჭელი, მოუჭიქავი. გამოიყენებოდა ისეთი საკვების შესანახად, როგორიც არის - ხორბალი, სიმინდი, ლობიო, მწნილი, სხვადასხვა სითხე.
მისი ფორმა და ტევადობა ინდივიადუალურია და დამოკიდებულია ოსტატის გემოვნებაზე, ამიტომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში განსხვავებული დორა შეგხვდებოდათ.

მეგრული დორა ქვევრისებური მოყვანილობის იყო და იტევდა 1.5 დან 12 ფუთამდე.ქვევრისგან განსხვავდებოდა უფრო გაშლილი პირით, ბრტყელი ძირით და ყურებით.გარედან შემოვლებული ჰქონდა თიხის სადა ან დაკბილული სარტყელი.

ლეჩხუმური დორა კოკას გავდა და 30 ლიტრს იტევდა. მას ქონდა ქობიანი პირი, მომაღლო ყელი, დაქანებული მხრები, განიერი, ქვემოთ მოვიწროებული მუცლი, ყურები და სწორი ძირი. შემკული იყო გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებით. იყო ასევე ტუჩიანი, 15 ლიტრიანი დორაკი (დორას ნახვარი)
დორა უდრიდა კოკის ნახევარს (დაახლოვებით 15-18 ლიტრს).
ქართულ წერილობით წყაროებში დამოწმებულია მე-16 საუკუნიდან.




გობი — დიდი ზომის ამოთლილი ან შეკრული ხის ჭურჭელი, იხმარება უმთავრესად ცომის მოსაზელად, სანოვაგის დასაწყობად და სხვა. გობს აკეთებენ „უწვნო“, „სუფთა“ ხეებისაგან (ცაცხვი, თელა). ასეთი გობი ხმარებისას არ სკდება და არც გემოს აძლევს საჭმელს.

გობების წარმოება ფართოდ იყო გავრცელებული ქართლსა და იმერეთ-სამეგრელოში. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში  დაცულია სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების გობების მდიდარი კოლექცია.



ტიკი - ძველი ქართული საღვინე ჭურჭელი, რომელსაც კამეჩის, თხის ან ხარის ტყავისგან ამზადებდნენ. იმისთვის, რომ სითხე დაეჭირა, შიგნიდან უკეთებდნენ იზოლაციას ფისისგან. მზადდებოდა სხვადასხვა ზომის - პატარა ტიკი, სუფრის ტიკი, გადასაზიდი ტიკი.

აუცილებლად უკეთდებოდა ხელსაკიდი იმისთვის, რომ მოხმარება ან გადატანა უფრო მარტივი ყოფილიყო.
იმის მიუხედავად, რომ ტიკი მსუბუქი და ადვილი მოსახმარი იყო, მე-19 საუკუნის ბოლოს ის შეცვალეს ხის კასრებით, ვინაიდან ტიკში ღვინის შენახვა მხოლოდ 1 კვირამდე შეიძლებოდა. ტიკში ჩასხმული ღვინო მალევე უნდა მოეხმარათ, რადგან სხვა შემთხვევაში იწყებდა დაძმარების პროცესს.




ვარცლი - გამოიყენებოდა ცომის მოსაზელად. ჭურჭელი მზადდებოდა მყარი ხისგან, იყო მოგრძო და ღრმა ფორმის და ჰქონდა ორივე მხარეს წაშვერილი თავი. ზოგჯერ ითლებოდა მთლიანი მორისგან, ზოგჯერ კი იკვრებოდა ხის ნაჭრებისგან.
ჰქონდა თავის საფარებელი. ვარცლის თავსახური - ორომი დიდი თეფშის როლსაც ასრულებდა,ვარცლიდან ამოღებულ ცომს ათავსებდნენ ორომზე და ისე მიქონდათ თონემდე.

ძველ ქართულ ხალხურ დარბაზებში ვარცლი დედაბოძის ზურგზე იყო მოთავსებული, გადმოკიდებულ თაროზე. ასეთ საპატიო ადგილზე მოთავსებით, ხაზს უსვამდნენ მის მნიშვნელობას. ზოგჯერ დიდი ზომის ვარცლი სკივრის როლსაც ასრულებდა.
ქიზიყში, ვარცლის დამამზადებელს მევარცლე ეწოდებოდა.




ხისგან გაკეთებული ღვინის ორიგინალური სასმისი, რომლისთვისაც საუკეთესო მასალა იყო ძელქვის, ბზის, ურთხელის, კაკლის ხე.კულას აქვს მასიური ოვალური ტანი და გრძელი ყელი. ყელთან პატარა რქა აქვს სმისას თითის გამოსადებად. კულიდან ღვინო რაკრაკით გადმოედინება. კულებს არცთუ იშვიათად ამკობდნენ ვერცხლის დეტალებით და ძვირფასი ქვებით.



კულას
ამზადებდნენ მწარე კვახისაგანაც. ასეთ კულას ყელში უდგამენ ხის ტიხარს ღვინო რომ ძუნწად მიაწოდოს და ღვინის სმის პროცესი გაახანგრძლიოს. ხშირად კვახის კულას ამკობდნენ წარწერებითა და ორნამენტებით, არცთუ იშვიათად უკეთებდნენ ინკრუსტაციას სხვადასხვა ქვებით (მაგ., გიშერი).

კულა ეწოდება ქვებით აგებული ოთხკუთხა სვეტს, რომელიც მოხევეთა სახლში დედაბოძის მოვალეობას ასრულებდა.



კომენტარები