კულინარიული თერაპია
1 წთ. საკითხავი
კულინარიული თერაპია

უიღბლო დღის ბოლოს ვერაფერი გამოგიკეთებთ განწყობას ისე, როგორც გემრიელი ვახშამი, რომელიც თავად უნდა მოამზადოთ. დიახ, ასეა, ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ კულინარია განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა ორმაგი ეფექტით - საინტერესო პროცესით და გემრიელი შედეგით.
დღეს კულინარიული თერაპია საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა სტრესისა და უხასიათობის გასანეიტრალებლად. თერაპევტები ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს პაციენტებთან, რომლებსაც არასტაბილური, ქაოტური ცხოვრება აქვთ.
საკვების მომზადება რეცეპტის მიხედვით აქრობს ნეგატიურ ფიქრებს, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს. ინგრედიენტების აწონვა, პროცესის მართვა, ფოკუსირება კერძის მომზადებაზე პაციენტებში ზრდის თავდაჯერებულობას.
ეს პროცესი ძალიან ჰგავს მედიტაციას, მხოლოდ ერთი განსხვავებით - კულინარიულ თერაპიას გემრიელი ჯილდო ახლავს თან.ნებისმიერი მარტივი კერძი, რომელსაც მოამზადებთ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, იმ ინგრედიენტებით რაც ხელთ გაქვთ, ცოტა ხნით მაინც მოგწყვეტთ სტრესულ რეალობას. ხოლო თუ ეს საკვები შეგიძლიათ ვინმეს გაუზიაროთ, მიიღოთ პოზიტიური უკუკავშირი მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგან, ჩაერთოთ კომუნიკაციაში, გაცვალოთ ემოციები - აუცილებლად აიმაღლებთ განწყობას.
კრეატიულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის გვეხმარება ვიყოთ უფრო ბედნიერები და ლაღები. შესაძლოა თქვენი პროფესია სრულიად გამორიცხავს შემოქმედებით პროცესს, სწორედ აქ უნდა დაიხმაროთ კულინარია, რადგან სამზარეულო საუკეთესო ადგილია შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად.
ახალი აღმოჩენები, გამოგონილი კერძები თუ დესერტები, ყოველდღიური პატარა მიღწევები სამზარეულოში, გვეხმარება ვიყოთ უფრო პოზიტიურები, თავდაჯერებულები და ბედნიერები - კვლევები ამას ადასტურებენ.