Search
ან
რიზოტო ზღვის პროდუქტებით
30-60 წუთი
საშუალო

მე ვარ დათა კვირველია, „ივერია ბიჩის“ შეფ-მზარეული. ჩემი ინტერესი კულინარიის მიმართ პრაქტიკულად მაშინ განხორციელდა, როდესაც გადავწყვიტე პირველი კულინარიული განათლება საქართველოს საზღვაო აკადემიაში მიმეღო. შემდგომში, ცოდნის გაღრმავების მიზნით ჩავაბარე საქართველოს კულინარიის აკადემიაში, სადაც მათივე რეკომენდაციით კარიერა დავუკავშირე „ქოფიშოფ კომპანი ჯორჯიას“. სწორედ იქ მივიღე პირველი საინტერესო პროფესიული გამოცდილება და ამასთან ერთად, ის თვისებებიც შევიძინე, რომლებიც  მზარეულად ჩამოყალიბებაში დამეხმარა.  

სხვადასხვა ეტაპზე მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებას ვიძენდი ქართულ ბაზარზე არსებულ რესტორნებსა და სასტუმროებში, თუმცა კულინარიულ სფეროში გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდგომ, გადავწყვიტე საკუთარი კულინარიული ბიზნეს პროექტის განხორციელებაც. ეს გამოწვევებით სავსე წამოწყება ემსახურებოდა ჩემს მშობლიურ ქალაქში ისეთი ობიექტის ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებდა სასიამოვნო გარემოსა და გემრიელ ევროპულ სამზარეულოს.
მოცემულ ეტაპზე, გადავწყვიტე ისევ შევერთებოდი „ივერია ბიჩის“ გუნდს, ამჯერად, შეფ-მზარეულის ამპლუაში, რაც, ბუნებრივია, პასუხისმგებლობასთან ერთად სასიამოვნო კულინარიული გამოწვევებით სავსე კარიერულ ეტაპს გულისხმობს. ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდი “სილქ როუდ ჯგუფსა” და ბრენდ-შეფს ირაკლი თოდაძეს.
 

ინგრედიენტები
80 80 გრ. ვეფხვისებრი კრევეტი
50 50 გრ. კალმარი
70 70 გრ. მიდიები (შავი)
20 20 გრ. თეთრი ხახვი
50 50 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
50 50 გრ. პომიდორი ჩერი
60 60 გრ. ყველი პარმეზანი
60 60 გრ. კარაქი
100 100 გრ. ბრინჯი რიზოტო
20 20 გრ. ბარდა
150 150 გრ. ბოსტნეულის ბულიონი
საფეხური 1
ტაფაში მოვათავსოთ 20 გრ კარაქი და დავდგათ საშუალო ტემპერატურაზე.
საფეხური 2
მას შემდეგ, რაც მდნარი კარაქის მასა გახდება ოქროსფერი, დავამატებთ ზღვის პროდუქტებსა და მცირე ზომის კუბიკებად დაჭრილ ხახვს. იგივე ტემპერატურაზე ვაგრძელებთ ხახვის მოშუშვას, სანამ ხახვის მასაც არ გახდება ოქროსფერი.
საფეხური 3
ცხელ ტაფაზე არსებულ მასას ვასხამთ ღვინოს, რათა მოხდეს ფლომბირება (ალკოჰოლის გამოცლა). დარჩენილ სითხეში ვამატებთ ბრინჯს, იმისათვის, რომ ხარშვის პროცესში ბრინჯმა შეითვისოს ღვინის არომატი.
საფეხური 4
ღვინის ამოშრობის შემდეგ ეტაპობრივად ვამატებთ ბულიონს. მანამ, სანამ ბრინჯის მასას ბულიონს ბოლოჯერ დავამატებთ, ტაფაში მოვათავსებთ ასევე ბარდასა და ჩერი პომიდორს და გავაგრძელებთ ტაფაში არსებული მასის ხარშვას იქამდე, სანამ ბრინჯის სასურველ კონსისტენციას არ მივიღებთ.
საფეხური 5
ტაფაში არსებული მასის სასურველი კონსისტენციის მიღების შემდეგ, მასა გადმოგვაქვს ცხელი ზედაპირიდან, ვაყრით დახეხილ პარმეზანს და ვაგდებთ 40 გრ კარაქს. მოვურევთ კარგად, რათა პარმეზანი და კარაქი სათანადოდ გაიხსნას ტაფაში არსებულ მასაში, ბრინჯის ფაფისმაგვარი კონსისტენციის მისაღებად.

სერვირება

გადმოვიტანოთ მომზადებული მასა სერვირებისთვის სასურველ თეფშზე და მოვაყაროთ დახეხილი პარმეზანი. გემრიელად მიირთვით!