Search
Or
გზავნილი იტალიიდან - ჭარხლის რიზოტო

გასტრო გიდი ამჯერად იტალიაში გამოგზაურებთ, ჩვენი მასპინძელი ნანა ზურიაშვილია, კულინარიული გვერდის buongustaio (გურმანი) ავტორი.

“2013 წლიდან ვცხოვრობ იტალიაში, კერძოდ ნეაპოლის ქალაქგარეთ, პატარა ისტორიულ ქალაქ პოცუოლში. პოცუოლი გაშენებულია მოქმედ ვულკანზე, ვიცი, ძალიან საშიშად ჟღერს, მაგრამ უჩვეულო სილამაზისაა აქაურობა. 6 წელია შევქმენი ოჯახი და მყავს სამი გოგონა. ჯერჯერობით ჩემი კარიერული წინსვლა შეჩერებულია, მაგრამ მომავალი წლიდან ვგეგმავ არქიტექტურის შესწავლას. იტალიაში აღმოვაჩინე კულინარიისადმი დიდი სიყვარული. ძალიან შემიყვარდა იტალიური სამზარეულო. რადგან მქონდა ბევრი თავისუფალი დრო, ვსწავლობდი და ვატარებდი ექსპერიმენტებს. ვთვლი რომ დღესდღეობით კარგი კულინარი ვარ და მალე ვაპირებ გავაღრმაო კულინარიული შესაძლებლობები. 

ნეაპოლს ძალიან დიდი ისტორია აქვს, როგორც კულინარიული ასევე მუსიკალური. ვინც არ იცით, ნეაპოლში აშენდა პირველი ოპერა "San Carlo” და გამოცხვა პირველი პიცა. ნეაპოლია მისი ხმაურიანი და ვიწრო ქუჩებით, დიდი პიაცებით, ბევრი და გემრიელი პიცერიით, საუკეთესო ესპრესოთი, მოცარელითა და კიდევ რა ჩამოთვლის. O sole mio-ს და კიდევ უამრავი ისტორიული სიმღერის საწყისი. 

რადგან ამ რეგიონს ზღვაც ბევრი აქვს  და მზეც, ხალხიც ასეთი მხიარული, ცეცხლოვანი და ემოციურია, რაღაცნაირად ჩვენ, ქართველებს გვგვანან. ჩემს ოჯახში, განურჩევლად ასაკისა, ყველას უყვარს პასტა.. ხშირად ვაკეთებ ახალ პასტას, რაშიც შვილები ხშირად მეხმარებიან... ასე მგონია, რომ სამზარეულოც ხელოვნების ერთ-ერთი სფეროა და მისი გაზიარება აუცილებელია, განსაკუთრებით პატარა ასაკში, როდესაც ხელის შეხებით შეიცნობენ სამყაროს... ასე მგონია რაც მეტ რამეს შეეხებიან ბავშვობიდან, მით მეტი ფანტაზია და იდეა ჩამოუყალიბდებათ. ზოგადად მიყვარს მომზადება, სულ ვფუსფუსებ და რაღაცას ვაკეთებ, უფრო მეტი პურეული, ნაკლები ტკბილი...  მაგრამ ვიტყოდი, იტალიურ გასტრონომიასაც ვერაფერი შეედრება. 

იტალიელებს უყვართ საათობრივი კვება. Colazione - საუზმე ტკბილი, pranzo- სადილი აუცილებლად პასტა და მერე მეორე კერძი, ჭიქა ღვინით და ბოლოს ხილი და ტკბილი აუცილებლად. საღამოს უფრო ბურღულეულს მიირთმევენ. რიზოტოს ან წვნიანებს... ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხარისხიან და სწორ კვებას. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით ხაჭაპური, ქართული ყველი და დედას პურები. ყველაზე მეტად ეს ენატრება ხოლმე... 

კერძი, რომელსაც გასტრო გიდის მკითხველს გავუზიარებ არის ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელსაც ზოგადად მეგობრებისთვის და ოჯახისთვის ვამზადებ ხოლმე... ჭარხალი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს იტალიაში, ამიტომ გადავწყვიტე მისი გემო ისე გამეცნო მეგობრებისთვის, რომ არ დავიწყებოდათ და ნამდვილად გამომივიდა. 

ჭარხლის რიზოტოსთვის დაგჭირდებათ:

300 გ ბრინჯი არბორიო

400 გ ჭარხალი

100 გ გორგონზოლა (ობიანი ყველი)

30 გ ნიგოზი

20 გ კარაქი

ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი

ბოსტნეულის ნახარში

მარილი

პილპილი

მომზადება:

პირველ რიგში მოამზადეთ ბოსტნეულის ნახარში. ქვაბში ჩაყარეთ ხახვი, სტაფილო, კარტოფილი, პომიდორი, ნიახური და აადუღეთ 20 წუთი. გაფცქვენით ჭარხალი და გახეხეთ. 

ცალკე განიერ და დაბალ ქვაბში ჩააგდეთ ერთი კოვზი კარაქი და როცა გალღვება, დაამატეთ ბრინჯი. დააყოვნეთ 2 წუთი და დაამატეთ ჭარხალი, ურიეთ 1 წუთი და შემდეგ დაამატეთ ბოსტნეულის ნახარში ისე, რომ ზემოდან მოადგეს. ხარშეთ 15-16 წუთი (დააკვირდით ხარშვის დროს ეტიკეტს) და შიგადაშიგ ამატეთ ბოსტნეულის ბულიონი. მასა არ უნდა იყოს წვნიანი, უფრო კრემივით ტექსტურა უნდა მიიღოთ. გადმოდგით ცეცხლიდან, უყავით გორგონზოლა და მარილი, კარგად ამოურიეთ. გადაიტანეთ თეფშზე და მორთეთ წვრილად დაჭრილი ნიგვზით, გორგონზოლით და პილპილით. 

Buon appetito!”