Search
ან
აჯიკა

აჯიკა ცხარე, სურნელოვანი სანელებელია. ის დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აფხაზეთიდან და სამეგრელოდან გავრცელდა და საკმაოდ პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აჯიკა ძირითადად გამოიყენება ხორციანი და ბოსტნეულის კერძების შესაკაზმად, თუმცა ზოგიერთი კარაქივით პურზე გადასმულსაც მშვენივრად მიირთმევს. არსებობს რამდენიმე სახის აჯიკა: წითელი, მწვანე, მშრალი, პასტისებური, პამიდვრიანი და ა.შ. აჯიკის ძირითადი ინგრედიენტებია: წითელი ცხარე წიწაკა, ნიორი და მარილი. გემოვნებისა და სახეობის მიხედვით ამ ნაზავს ემატება: ტკბილი (ე.წ. ბულგარული) წიწაკა, ზეთი, სხვადასხვა მწვანილი, პამიდორი, ტომატი, ძმარი, ნიგოზი, სანელებლები და ა.შ.

 წითელი ფერის ინგრედიენტებით და ხმელი სანელებლებით მომზადებული აჯიკა წითელი გამოდის, მწვანე აჯიკისთვის კი მწვანე ფერის ინგრედიენტები და ახალი მწვანილია საჭირო. მაგ. მწვანე აჯიკის შემადგენლობაში შედის: ტკბილი მწვანე წიწაკა, ცხარე მწვანე წიწაკა, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, ნიორი და სხვ.  ცხარე წიწაკას იყენებენ როგორც ცოცხალს (ოღონდ თესლგამოცლილს), ისე ხმელს, დაღერღილს.  იმისთვის, რომ კარგად შეინახოს, აჯიკას ზომაზე ცოტა  მეტ მარილს უკეთებენ. ძალზე პოპულარულია აჯიკის ნიგვზიანი ვარიანტი, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს - დიდხანს არ ინახება, ამიტომ მას მცირე რაოდენობით ამზადებენ და ზამთრისთვის არ ინახავენ.

აჯიკის ინგრედიენტებს ძველად ქვასანაყში ნაყავდნენ, დღესდღეობით კი უფრო სამზარეულოს თანამედროვე ტექნიკას (მაგ. ბლენდერს, ჩოფერს) იყენებენ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ დიასახლისს ძველებური მეთოდით მომზადებული აჯიკა ურჩევნია - ასე უფრო გემრიელიაო.  თუ აჯიკის მომზადებას გადაწვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სპეციალური ხელთათმანების გამოყენებით (ზოგიერთი რამდენიმე ხელთათმანსაც კი იცვამს ერთად) უნდა დაამუშავოთ და გაატაროთ ინგრედიენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ხელები ძალიან დიდხანს გეწვოდეთ.