Search
Or
სოუსები

სოუსი თხევადი მასაა, რომელიც მიესადაგება მთავარ ინგრედიენტს კერძში - ხორცს, თევზს თუ ბოსტნეულს. სოუსის დანიშნულებაა გაახალისოს ამ ინგრედიენტის გემო, გააღრმავოს ან თავისი კონტრასტულობით მეტად საინტერესო გახადოს კერძი. სოუსს შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს პროდუქტის ხასიათი, გემო, სურნელი.

პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ - ფრინველის, თევზის თუ საქონლის ხორცი, მარცვლეული, ბარდა, ბოსტნეული, პასტა - საკმაოდ მოსაწყენი და ზოგჯერ უგემურია, სწორედ ამიტომ საუკუნეების მანძილზე ადამიანები საკვებში ამატებენ სხვადასხვა სანელებლებს, მარილს, პილპილს, მწვანილებს, თაფლს, ძმარს, სოიოს სოუსს, მდოგვს და ა.შ. სოუსებს იყენებენ განსაკუთრებულ კერძებში, მზარეულები ანიჭებენ მათ ნებისმიერ გემოს, კონსისტენციას და ფერს სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. თანამედროვე სამზარეულოში სოუსების ფართოდ გამოყენება ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში დაიწყო, მზარეულების ჯგუფმა განავითარა და ხელოვნებად აქცია სოუსების მომზადება-გამოყენება, დანერგა სტანდარტი რესტორნულ სფეროში.

თუმცა ამის გარდა არსებობს სოუსების რეცეპტები, რომლებიც საუკუნეებს ითვლის და წარმოშობის ადგილებიდან შორს, მთელ მსოფლიოშია პოპულარული - ჩინური სოიოს ბაზაზე მომზადებული სოუსები, მექსიკური სალსა, ინდური ქარი, რომაული პესტო და ა.შ. 

არგენტინული სოუსი ჩიმიჩური, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ, ძალიან უხდება ზაფხულს თავისი ცოცხალი გემოებით, იდეალურია გრილზე შემწვარ ხორცთან, თევზთან, ქათმის ხორცთან, პასტასთან - მას არგენტინულ პესტოსაც ეძახიან.

ჩიმიჩურის  მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
  • ¼ ჭიქა დაჭრილი ქინძი
  • 4 ჩ.კ ცოცხალი ორეგანო ან 1 ჩ.კ ხმელი
  • 1/2 ჩ.კ დაღერღილი წითელი წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • ⅓ ჭიქა წითელი ღვინის ძმარი
  • ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩ.კ მარილი

ყველა ინგრედიენტი დაატრიალეთ ჩოპერში რამდენიმე წამით, ვიდრე არ დაქუცმაცდება. 20 წუთი დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე. მაცივარში ჰერმეტულად ინახება ერთ კვირამდე.