Search
ან
კრეპის ტორტი 

ფრანგული კრეპი, ამერიკული ფენქეიქი თუ სლავური ბლინი, მცირე სხვაობით, მაგრამ ძალიან წააგავს ერთმანეთს. მათ შორის გამოვარჩევდი კრეპს - უნაზესს, სიფრიფანას, კნატუნა კიდეებით. კლასიკური რეცეპტით მომზადებული კრეპები შეგიძლიათ გადააქციოთ საოცარ დესერტად. კრეპის ტორტის მომზადება სულაც არ არის რთული, თუ გაითვალისწინებთ ქვემოთ მოცემულ რჩევებს. 


ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 250 გ. ფქვილი
  • 1 ს.კ შაქრის პუდრი
  • მწიკვი მარილი
  • 3 კვერცხი
  • 500 მლ. რძე
  • 50 გ. კარაქი

გაადნეთ კარაქი და შეაგრილეთ.
ჯამში აურიეთ ფქვილი, მარილი, შაქარი, კვერცხი და რძის ¼. დაუმატეთ დარჩენილი რძე, ურიეთ ხელის სათქვეფით ფქვილის სრულ გახსნამდე. სულ ბოლოს ჩაასხით კარაქი, მოურიეთ და დაასვენეთ ცომი 1 საათით.
რჩევა: რძე და კვერცხი სასურველია იყოს ოთახის ტემპერატურის, თუ ვერ მოასწარით მაცივრიდან დროულად გამოღება, რძე ოდნავ შეათბეთ ცეცხლზე.
იმის მიხედვით, თუ რომელი კრემის მომზადებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ კრეპის ცომს სხვადასხვა არომატი მისცეთ. მაგალითად, თეთრი კრემის შემთხვევაში გირჩევდით ცომში ½ ლიმონის ცედრის დამატებას. შოკოლადის კრემის შემთხევაში - 1 სუფრის კოვზი შავი რომის. 
კრეპებს ვაცხობთ ტაფაზე მშრალად, ცხიმის გარეშე. სანამ პირველ ჩამჩა ცომს დაასხამთ, გახურებულ ტაფას სამზარეულოს ხელსახოცით გადაუსვით ცოტა ზეთი.

ვანილის კრემი

  • 450 გ. კრემ-ყველი
  • 450 გ. ნაღები 33%
  • 150 გ. შაქრის პუდრი
  • 1/2 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი ან ½ ვანილის ჩხირი სურვილისამებრ.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და ათქვიფეთ, სანამ მასა არ შესქელდება კრემის კონსისტენციამდე.

შოკოლადის კრემი

  • 200 გ. შავი შოკოლადი
  • 250 გ. ნაღები 33%
  • 500 გ.  მასკარპონე
  • 80 გ. შაქრის პუდრი

რჩევა: თუ იყენებთ შოკოლადის ფილას, წინასწარ დაჭერით თხელ ნაჭრებად, რომ ადვილად დადნეს ან გამოიყენეთ შოკოლადის ტაბლეტები.
200 გ. ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, დაასხით შოკოლადს, გააჩერეთ 1 წუთი და დაიწყეთ მორევა, ურიეთ ვიდრე მასა არ გახდება ერთგვაროვანი და შოკოლადი სრულად არ გაიხსნება. დატოვეთ თავდახურული ოთახის ტემპერატურაზე. 
მასკარპონე, 50 გ. ნაღები და შაქრის პუდრი ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. 

ეხლა იწყება ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი - შოკოლადის განაშის და მასკარპონეს შერევა. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრემი არ აგვეჭრას: სცადეთ ორივე მასა იყოს თანაბარი ტემპერატურის; შერევა უნდა მოხდეს დელიკატურად, სპატულას დახმარებით, თითო სუფრის კოვზი შოკოლადის დამატებით. 
300-400 გ. მარწყვი ან სხვა კენკრა გარეცხეთ და კარგად გააშრეთ, მოაცალეთ ყუნწები და დაჭერით თხელ ნაჭრებად.

აწყობამდე კრეპები კარგად გააცივეთ. თითოეულ ფენას გადაუსვით დაახლოებით 1 სავსე სუფრის კოვზის ოდენობის კრემი და დააწყვეთ დაჭრილი მარწყვი ან სხვა კენკრა. გააფორმეთ დარჩენილი კრემით, კენკრით ან შოკოლადით. გაჭრამდე რამდენიმე საათით შეინახეთ მაცივარში.