სვანური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და თვითმყოფადია საქართველოს კუთხეების სამზარეულოებს შორის. იგი მდიდარია როგორც ხორცის, ისე რძის პროდუქტების კერძებით. მაგრამ სვანური კერძები და, ზოგადად, სვანური სამზარეულო ისეთი არომატული და გემრიელი არ იქნებოდა, ჩვენს წინაპრებს სვანური მარილი რომ არ გამოეგონებინათ. ეს სურნელოვანი სანელებელი, სუპერმარკეტებსა და ბაზრებში, ბევრგან იყიდება, მაგრამ თავისი ხარისხითა და სურნელით ახლოსაც ვერ მივა ნამდვილ სვანურ მარილთან, რომელსაც უშუალოდ სვანი დიასახლისები ამზადებენ ადგილობრივი პროდუქტების გამოყენებით. სვანური მარილი სანელებლების ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენს და ჩამოყალიბებულ არომატულ, ჰარმონიულ თაიგულს ქმნის. მის შემადგენლობაში შედის: ყვითელი ყვავილი (იგივე იმერული ზაფრანა), ცხარე წიწაკა, ხმელი ქინძის თესლი, უცხო სუნელი, ნიორი და ნამდვილი სვანური სანელებელი - გიცრული - მცენარე, რომელიც სვანეთში ხარობს. მას ახმობენ, ფქვავენ და შემდეგ მარილს უმატებენ. გიცრულის დეფიციტის გამო, მასობრივ ბაზარზე გამოტანილ სვანურ მარილს, როგორც წესი, ამ სანელებლის ნაცვლად ან ძირა აქვს დამატებული, ან კიდევ - ბეგქონდარა. როგორი უნდა იყოს ნამდვილი, ხარისხიანი სვანური მარილი? - უპირველესად, მას უნდა ჰქონდეს სანელებლისთვის დამახასიათებელი, დაბალანსებული არომატი. უნდა ჰქონდეს მშრალი, ფხვიერი კონსისტენცია და ღია ფერი. თუ სანელებელი ნოტიოა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ზომაზე მეტი ნიორი აქვს გარეული, რაც მის გემოზეც ახდენს გავლენას.
ამ სანელებლს სვანები იყენებენ როგორც მოხარშულ და შემწვარ ხორცთან, ასევე კუბდარის გულსართის შესაზავებლად. უმატებენ კიტრსა და პამიდორს, სხვადასხვა მარტივ სალათებს, წვნიანებს. სვანური მარილი ძალიან უხდება პამიდორში ჩაშუშულ ხორცსა და მოხარშულ კარტოფილს.