Search
ან
დეკორაციები სააღდგომო კვერცხისთვის

წითლად შეღებილი კვერცხი, უზარმაზარი რელიგიური დატვირთვის გარდა, ესთეტიურ სილამაზესაც მოითხოვს. კვერცხის შეღებვის ტრადიციული, ბუნებრივი მეთოდი საქართველოში ენდროს გამაწითლებელ ღირსებებზე გადის!

შეღებვის შემდეგ, კვერცხის ორიგინალურად გაფორმებაც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. თეთრ მინანქარს სააღდგომო კვერცხის მოსართავადაც იყენებენ. თუ მას საკონდიტრო მოსართავში მოათავსებთ, წარმატებით შეითავსებს სახატავი საღებავის ფუნქციას და გექნებათ საშუალება, ნებისმიერი სახის ორნამენტით გააფორმოთ წითელი კვერცხები.

ხალხური მეთოდების გამოყენება ერთგვარად ნოსტალგიურიც არის, ამიტომ, მას განსაკუთრებით მოაქვს აღდგომის განწყობა. გაიხსენეთ ბებია, რომელიც თქვენთან ერთად ცდილობდა სააღდგომო კვერცხის ვიზუალურ მხარეში დამატებითი შტრიხების შეტანას. ამ შემთხვევაში, თქვენ დაგჭირდებათ ხის ჩხირი და ბამბა, რომელსაც დაასველებთ ძმარში და კვერცხის ნაჭუჭზე სასურველ ფიგურებს მოხაზავთ, მოძრაობის გამეორება დაგჭირდებათ რამდენჯერმე, რადგან ძმარი ნელ-ნელა აცილებს კვერცხს საღებავს. ასევე ხალხურ მეთოდებს მიეკუთვნება კვერცხზე ფოთლების ორნამენტების გადაყვანა. ადუღებულ ენდროში მოთავსებამდე, კვერცხს შემოახვიეთ ნებისმიერი სახის ფოთოლი, იქნება ეს მწვანილი, თუ რაიმე სხვა, გაახვიეთ მარლაში და ისე მოხარშეთ. ამ მეთოდით კვერცხის შეღებვისას ფოთლით დაფარული ადგილი შედარებით ღია ფერის რჩება.

კვერცხის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟელატინი. თუ ჟელატინს დაალბობთ წყალში, შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე დაადნობთ, წარმატებით შეითავსებს წებოს ფუნქციას. შეგიძლიათ ჟელატინით დახატოთ ორნამენტები და შემდეგ კვერცხი ამოაგოროთ ქოქოსის ფანტელში, ან უბრალოდ საკვებად ვარგის ბრჭყვიალა ფხვნილში. ჟელატინის შემთხვევაში, შესაძლებელია წინასწარ გამზადებული აპლიკაციების კვერცხზე დაწებებაც.

თუ თქვენთვის კვერცხის სიწითლე აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, გასაქანი მიეცით საკვებ საღებავებსაც! აი, ეს არის მრავალფეროვნება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით!

თეგები

ექსპერტის რჩევები