პასკა - აღდგომის დღესასწაულის საამაყო ნუგბარი, გემრიელი და სურნელოვანი.
აღდგომის ერთ-ერთი მომასწავებელი, სწორედაც რომ პასკის მოტკბო, სევდიანი სურნელია.
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ პასკის რამდენიმენაირი რეცეპტი, ამჯერად, დადგა დრო, ფანტაზიას მივცეთ გასაქანი და დეკორაციებზეც ვიფიქროთ, სააღდგომო სუფრის გასალამაზებლად და გასამრავალფეროვნებლად!
პირველ რიგში, რომ მივყვეთ გამოთქმას - „გენიალურობა სიმარტივეშია“ - გემრიელი პასკის უფრო გასაგემრიელებლად და გასალამაზებლად მივმართოთ შოკოლადის მინანქარს, რომლის მომზადებაც სახლის პირობებშიც ძალიან მარტივია. მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შაქარი, კაკაო, რძე/წყალი და კარაქი. ¾ ჩაის ჭიქა შაქარს შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი კაკაო, დაუმატეთ 5-6 სუფრის კოვზი რძე/წყალი, 50 გრამი კარაქი და მიიყვანეთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ. შოკოლადის მინანქრის ჩამანაცვლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დამდნარი შავი შოკოლადიც, შემდეგ მოასხით თქვენ პასქას და სურვილისამებრ, სანამ გაშრება, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები, ან შაქრის კანფეტების ფერადი ბურთულები, შეგიძლიათ დასახმარებლად მიმართოთ ცუკატებსაც.
პასკის გასაფორმებლად არაჩვეულებრივია თეთრი მინანქარიც, რომელიც კვერცხის ცილისგან და შაქრისაგან მზადდება, კარგი იქნება, თუ დავამატებთ ვანილს, არომატისთვის. კვერცხის ცილას დაამატეთ ვანილი გემოვნებით, ათქვიფეთ მიქსერით და ნელ-ნელა შეურიეთ შაქრის პუდრი მანამ, სანამ არ მიიღებთ სასურველ სისქეს. დასრულებული სახით, მინანქარი მოასხით პასკას და გააფორმეთ შაქრის კანფეტების ფერადი ბურთულებით.
როგორც თეთრი, ასევე შოკოლადის მინანქრის შემთხვევაში, შეგიძლიათ დასახმარებლად მოუხმოთ ორნამენტებსაც, მარტივად, წვრილად წაჭრილი წვერის მქონე, ტორტის გასაფორმებელი მოწყობილობით, შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ორნამენი მოაჩუქურთმოთ.
არ დაგვავიწყდეთ, პასკის წარმოდგენის ტრადიცული მეთოდიც! თუ თქვენ უკვე გაზარდეთ მობიბინე, მწვანე ჯეჯილი, მოათავსეთ პასკა მის ცენტრში, შემოუწყვეთ კვასკვასა, წითლად შეღებილი კვერცხები და დაამშვენეთ თქვენი სააღდგომო სუფრა!