Search
ან
ვაზის ფოთლები

ვაზის ფოთლებს იყენებენ  ბერძნულ, თურქულ,  არაბულ, ვიეტნამურ და ამიერკავკასიურ სამზარეულოებში. კერძებისთვის საუკეთესოა თეთრი ყურძნის ნორჩი ფოთლები, რომლებსაც  ვაზის ყვავილობის დროს აგროვებენ. ამ დროს ფოთლები  უფრო რბილი და წვნიანია, სასიამოვნო მომჟავო არომატით. მოზრდილი ფოთლები მთელი დღე-ღამით უნდა ჩავალბოთ ცივ წყალში ან ერთხელ წამოვადუღოთ. ახალი ფოთლების შენახვა რამდენიმე დღით  მაცივარშიც შეიძლება, მანამდე კი ფოთლები წინასწარ უნდა გავრეცხოთ ცხელ წყალში. 

ხანგრძლივი დროით შესანახად არსებობს რამდენიმე წესი - დამარილება, დაკონსერვება  და გაყინვა.  დამარილების დროს ფოთლები კარგავს  სასარგებლო თვისებებს, ამიტომ მზარეულები უპირატესობას ანიჭებენ  გაყინვას. გასაყინად ამზადებენ 200-500 გრამიან შეფუთვებს, პოლიეთილენის პაკეტებში დებენ ფოთლებს, გამოდევნიან ჰაერს და საყინულე კამერაში ათავსებენ.  გამოყენების წინ გაადნობენ ცივ წყალში, შემდეგ რამდენიმე წუთით დებენ ცხელ წყალში, რომ  ელასტიკურობა აღიდგინოს. არსებობს სხვა მეთოდიც - მდუღარეში გათუთქულ ფოთლებს თუშფალანგზე დაწრეტენ და ფოლგაში გახვეულს ინახავენ საყინულეში. გარდა ტრადიციულისა, არსებობს ვაზის ფოთლების შენახვის ორიგინალური რეცეპტებიც: 1.  დამდუღრულ და დაკეცილ ფოთლებს  ინახავენ ქილებში. ერთლიტრიან ქილაში თავსდება 60 ფოთოლი.  თითოეულ ქილაში ყრიან 1 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილს, 1 ჩ.კ. მარილს, 6-7 ცალ პილპილის მარცვალს, პირამდე ავსებენ მდუღარე წყლით, მოხუფავენ და ამოატრიალებენ ქილებს შეგრილებამდე, დაახლოებით 1 დღე-ღამის განმავლობაში. ზოგიერთი დიასახლისი  ვაზის ფოთლებს  ოთახის ტემპერატურაზე აშრობს და მუყაოს ყუთებში ინახავს მშრალ ადგილას. გამოყენების წინ  აწყობენ მდუღარე წყალში და 2-3 წუთი ადუღებენ,  შემდეგ კი საწურზე ათავსებენ დასაწრეტად. 

კულინარიაში ვაზის ფოთლები ძირითადად ტოლმის მომზადების დროს გამოიყენება. განსაკუთრებით ნაზი ფოთლები შესაძლებელია დაემატოს  ტკბილ ფლავს ჩირთან და თაფლთან ერთად. არსებობს  ვაზის ფოთოლში დავარგებული ყველის სახეობებიც.

 

ექსპერტის რჩევები