Search
ან
როგორ შევარჩიოთ დანა

დანა სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. დანის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ყველაზე მარტივი კერძის მომზადებაც კი. დღესდღეობით უამრავი ფორმის, ზომის, კონფიგურაციისა და დანიშნულების მქონე დანა არსებობს. იყიდება უკვე მზა კომპლექტებიც, მაგრამ უპირველესად, საჭიროა გავერკვეთ, კონკრეტულად როგორი დანა უნდა გვქონდეს სამზარეულოში.

შეფის დანა - ყველაზე უნივერსალური და პოპულარული დანაა. აშშ-ში მას ,,ფრანგულ დანად“ მოიხსენიებენ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული წარმოშობისაა. შეფის დანის პირი 15-დან 30 სმ-მდე მერყეობს, აქვს 2-4 სმ სიგანის, თანაბრად ალესილი პირი და 18-22 სმ სიგრძის ტარი. ასეთი დანა, მიუხედავად იმისა, რომ დიდია, შესანიშნავია ბოსტნეულისა და ხორცის დასამუშავებლად.

დანის ერთ-ერთი სახეობაა ე.წ. პურის დანა. ეს არის საშუალო სიგანის, გრძელი დანა დაკბილული პირით. ასეთი დანით ჭრიან პურს, ღვეზლებს, კექსებს, ტორტებს და მათ მსგავს ფქვილოვან ნაწარმს.

ბოსტნეულის დანა შედარებით მომცრო ზომისაა და ბოსტნეულის ან ხილის გასათლელად გამოიყენება. ასეთ დანას ტარიც პატარა აქვს (ხელში რომ მოხერხებულად დავიჭიროთ) და პირიც. ბოსტნეულის დანით ფცქვნიან კარტოფილს, ჭარხალს, სტაფილოს, ვაშლს და სხვ.

არსებობს კიდევ ე.წ. ფილეს დანა, კარვინგის დანები და ა.შ. ისინი მხოლოდ პროფესიონალ მზარეულებს ჭირდებათ, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდებით. ძალზე მნიშვნელოვანია, თუ რა მასალისგან არის დამზადებული დანა. როგორც წესი, ხარისხიანი დანისთვის  უჟანგავ ფოლადს იყენებენ, რომელსაც ქრომი აქვს დამატებული. დანა ორივე მხრიდან თანაბრად და კარგად უნდა იყოს ალესილი. არ უნდა ჰქონდეს ნაკაწრები და დეფექტები. თანამედროვე ტექნოლოგიაში დანის პირის გამოსაწრთობად ლაზერიც გამოიყენება. მეტალზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - ტარი. თუ დანას მოუხერხებელი ტარი აქვს, მას ეფექტურად ვერ გამოიყენებთ. არსებობს ხის, მეტალის და პლასტიკატის ტარები. ყველაზე მოსახერხებელია ერთიანად მეტალისგან ჩამოსხმული დანა, რომელსაც ტარიც მეტალის აქვს. ის შედარებით მძიმეა, მაგრამ სამაგიეროდ არ მოირყევა.

თეგები

ექსპერტის რჩევები