Search
ან
სააღდგომო ტკბილეული მსოფლიოს გარშემო

სააღდგომო სამზადისი წარმოუდგენელია ტკბილეულის გარეშე. Საქართველოში პასკების ცხობას დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ და გამომცხვარ კულიჩებს აღდგომამდე საგულდაგულოდ ინახავენ. Პასკის მომზადება საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, ტრადიციული რეცეპტით მომზადებულ პასკებს, მძიმე, ნოტიო ტექსტურით, ბევრ ოჯახში დღემდე აცხობენ. 

აშშ-ში აღდგომა უკლებლივ ყველა ბავშვის საყვარელი დღესასწაულია. კვერცხების შეღებვა აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება, კვერცხებს პასტელის ფერებში ღებავენ, გაზაფხულის მრავალფეროვნების აღსანიშნად. შაბათს, შეღებილ კვერცხებს სახლის გარეთ ტოვებენ, ხოლო აღდგომის კვირას იწყება კვერცხებზე ნადირობა, რომელიც სააღდგომო ბაჭიამ საგულდაგულოდ გადამალა მთელ ეზოში, ტკბილეულით სავსე კალათასთან ერთად.
სააღდომო ბაჭიები და კვერცხები ჩრდილოეთ ამერიკაში მე-19-ე საუკუნიდან ჩნდება, ვარაუდობენ, რომ ეს ტრადიცია გერმანელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს კონტინენტზე. კურდღლების აღდგომასთან კავშირი ბუნდოვანია, თუმცა მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს წარმართული ტრადიციაა, ნაყოფიერების ქალღმერთის წმინდა ცხოველად კურდღელი მიიჩნეოდა, როგორც ბარაქის სიმბოლო. აშშ-ში სააღდგომოდ მომზადებული ტკბილეული და ნამცხვრები მორთულია შოკოლადის ფერადი კვერცხებით და ბაჭიებით.

სამეფო მაზურკა (mazurek królewski) - ასე უწოდებენ პოლონურ სააღდგომო ნამცხვარს, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ზედსართებით - ნუშის პასტა, გამომშრალი ხილი, სხვადასხვა ფერის ჯემი, მერინგი, თხილეული… ნებისმიერი კომბინაცია მისაღებია, მთავარია ნამცხვარი იყოს თხელი, 3 სანტიმეტრამდე.

ჯვრიან ფუნთუშებს (hot cross buns) ტრადიციულად სააღდგომოდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, კანადაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში აცხობენ. ეს არის სანელებლებით და ქიშმიშით სავსე არომატული ფუნთუშა, რომელსაც გამოცხობამდე ახატავენ ჯვრებს, უკვე გამომცხვარს კი გარგრის ჯემს გადაუსვამენ სიპრიალისთვის, მიირთმევენ კარაქთან ერთად. ფუნთუშების რეცეპტს ჩვენს ვებ-გვერდზე იპოვით.

ავსტრიული სააღდგომო კექსი reindling, მრგვალი რულეტის ტიპისაა, ხშირად მარილიანი სახითაც გვხვდება, მიირთმევენ სოსისთან და შებოლილ ლორთად ერთად, თუმცა არის ტკბილი ვერსიაც კაკაოთი ან დარიჩინით, ქიშმიშით და რომით. 

Torrijas ესპანური “ყიყლიყოა”, რომელსაც სააღდგომოდ ყველა ესპანურ ოჯახში შეხვდებით. Წინა დღის პურს ჭრიან და მთელი ღამით ალბობენ შაქრიან და სანელებლებიან რძეში, მეორე დღეს კი ამოავლებენ ათქვეფილ კვერცხში და წვავენ ბევრ ზეითუნის ზეთში. Შეწითლებულ, კნატუნა ქერქიან პურებს შაქრის პუდრს და დარიჩინს აყრიან მირთმევამდე.

Mona de Pasqua ესპანური, კერძოდ კი კატალონიური ტკბილეულია, რომელიც ცხვება მოხარშულ, კანგაუცლელ, ხშირად სხვადასხვა ფერად შეღებილ კვერცხებთან ერთად. აღდგომის კვირას კულიჩს ნათლიები ნათლულებს ჩუქნიან, ხოლო აღდგომის ორშაბათს კატალონიელები ოჯახებით ან მეგობრებთან ერთად გადიან ქალაქგარეთ, ბუნებაში სადაც მიირთმევენ მონას. კვერცხების რაოდენობა კულიჩზე აღნიშნავს ნათლულის ასაკს, ტრადიციულად ასეთ საჩუქარს 12 წლამდე ბავშვები იღებენ.

საბერძნეთში აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია, სააღდგომო სუფრის ნამდვილი ვარსკვლავი კი არომატული ცურეკია, დაწნული კულიჩი გარშემორტყმული წითელი კვერცხებით. საოცარ არომატს ბერძნული სანელებლები ანიჭებენ, ცომის მომზადების ტექნოლოგია კი განსხვავებულ ტექსტურას ანიჭებს.

სააღდგომო მტრედი - colomba di pasqua, სადღესასწაულოდ იტალიის უკლებლივ ყველა საცხობში ცხვება. ეს არომატული ნამცხვარი მტრედის ფორმისაა და ნოეს  შესახებ ბიბლიურ თქმულებას უკავშირდება. მტრედი იმედის სიმბოლოა, რომელიც კიდობანში დაბრუნდა ზეთისხილის ტოტით.
არომატული ტკბილეული პანეტონეს მოგაგონებთ, ცომს უხვად აქვს ციტრუსის ცუკატი, ხოლო ზემოდან ნუშის ფანტელები და შაქრის პუდრი აქვს მოყრილი. 

ქოქოსის ტკბილეულს - cocadas, ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში შეხვდებით - მექსიკა, ბოლივია, ბრაზილია, კოლუმბია, ჩილე… ეს ორცხობილა კვერცხისგან, შაქრისგან და ქოქოსის ფანტელისგან მზადდება, ხშრად ემატება ნუში, ფორმა და ტექსტურა იცვლება ქვეყნების მიხედვით.