Search
Or
ვარდისფერი აკროშკა
30-60 Min
საშუალო
მსუბუქი

თეონა ჩიხლაძე პროფესიით ფსიქოლოგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია - “კულინარიით ბავშვობიდან ვარ გატაცებული. არ ყოფილა კონკრეტული დღე, როდესაც გადავწყვიტე კულინარიის შესწავლა, ეს თანდათან მოხდა, სამზარეულოში დედის ყურებით, რომელიც შესანიშნავი კულინარია. სამზარეულო იყო ერთ-ერთი იმ ადგილებიდან სადაც დედასთან ვურთიერთობდი. სამსახურიდან მოსული, მალევე იწყებდა ჯადოქრობას სამზარეულოში, მე კი მონატრებულ დედასთან ვიდექი და ვსაუბრობდი, ვუყვებოდი განვლილი დღის ამბებს. ეს დრო აღმოჩნდა ჩემთვის კულინარიის აკადემიაც და დედის სახით საუკეთესო მეგობრის შეძენის შესაძლებლობაც. ასე ვისწავლე ჯადოქრობა სამზარეულოში.
თითქმის არასდროს ვკითხულობ რეცეპტს, დაგემოვნებისას ვიგებ ყველა ინგრედიენტს და თქვენ წარმოიდგინეთ, მომზადების ტექნოლოგიასაც, არასდროს ვერიდები იმპროვიზაციებს.
ჩვენს ოჯახში, დიდი დოზით არსებული უკრაინულ-რუსული გენების გავლენით, ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი იყო აკროშკა, რომელშიც, ამჯერად ჩემი იმპროვიზაციით, “ბორჯომი” და ფერისთვის ჭარხლის წვენი დავამატე.
იმედი მაქვს მოგეწონებათ და ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ გაგიგრილებთ ცივი აკროშკა.”
 

ingredients
500 500 მლ. მაწონი
500 500 მლ. არაჟანი
500 500 მლ. "ბორჯომი" ან ადუღებული, გაცივებული წყალი
2 2 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი
2 2 ცალი მოხარშული კვერცხი
1 1 ცალი ჭარხალი
300 300 გრ. ბოლოკი
200 200 გრ. უცხიმო ლორი
40 40 გრ. მწვანე ხახვი
40 40 გრ. კამა
20 20 გრ. ტარხუნა
2 2 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი შავი პილპილი
step 1
ბოსტნეულს და მოხარშულ კვერცხს ვჭრით პატარა კუბებად. მწვანილს ვჭრით წვრილად.
step 2
მაწონს და არაჟანს ვურევთ ერთმანეთში, ვამატებთ “ბორჯომს” (ან წყალს)
step 3
ვამატებთ ერთ უმად გახეხილი ჭარხლის წვენს (ფერისთვის, თუ ვარდისფერი გვინდა, კლასიკური აკროშკა თეთრი ფერისაა). ვამატებთ მარილს და პილპილს. ვყრით ბოსტნეულს და მწვანილს, ვურევთ.

How To Serve

მივირთმევთ ცივად. შესაძლებელია ყინულის დამატებაც ინდივიდუალურად თეფშში.