Search
Or
ღვინისა და ყველის შეხამება

 ალკოჰოლურ სასმელებს შორის ყველაზე სასარგებლოდ ღვინო ითვლება. სწორად შერჩეული ღვინო კერძს უფრო გემრიელს ხდის, რადგან  წინა პლანზე გამოაქვს მისი საუკეთესო არომატი და გემო. ღვინოს ყველაზე ხშირად ყველთან ერთად აგემოვნებენ. ამ ორი პროდუქტის შეხამებაზე საინტერესო თეორია არსებობს. ითვლება, რომ ახალი ყველის სახეობებს, როგორებიცაა მოცარელა, რიკოტა, ფეტა, შეეფერება მსუბუქი თეთრი და ვარდისფერი ღვინოები.  მაგარი ტიპის ყველის სახეობებს (ედამერი, გაუდა, ჩედერი და სხვა) კარგად ეხამება წითელი ღვინოები, როგორებიცაა კაბერნე სოვინიონი, მერლო და სხვა მსგავსი ტიპის ღვინოები. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ შედარებით ახალ კამამბერსა და ბრის შევუხამოთ მსუბუქი წითელი ღვინოები, ხოლო  კარგად დავარგებულ იმავე ყველებს უფრო ძლიერი, დავარგებული ღვინოები შევურჩიოთ. ობიანი (ე.წ. ლურჯი) ყველის სახეობებს ძალიან უხდება სადესერტო, შემაგრებული ტიპის ღვინოები, ხოლო თხის დავარგებულ ყველთან საუკეთესოა თეთრი მშრალი და ვარდისფერი ღვინოები. უნდა გავითვალისწინოთ ერთი წესი - რაც უფრო დავარგებულია ყველი, მით მეტად დავარგებული ღვინო უხდება.

ცნობილია, რომ ერთი და იმავე რეგიონის ყველი და ღვინო საუკეთესოდ ეხამება ერთმანეთს. ასეა ქართული ღვინისა და ყველის ტანდემიც -  თუშურ გუდის ყველს არაფერი უხდება ისე, როგორც  ტრადიციული, კახური წესით ქვევრში დაყენებული რქაწითელი და ქისი, ასევე საფერავი. ამ ტიპის ღვინოებში ტანინების მაღალი შემცველობა ყველისთვის დამახასიათებელ მარილიან გემოსა და მკვეთრ არომატს ანეიტრალებს.  ქინძმარაული და ხვანჭკარა კარგად ეხამება  მესხურ  ტენილ ყველს.  სულგუნსა და იმერულ ყველს შედარებით მსუბუქი მშრალი ღვინოები უხდება, როგორებიცაა ციცქა-ცოლიკაური და  „წინანდალი“. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ საბოლოო ჯამში ყველა ეს რეკომენდაცია ძალიან ზოგად ხასიათს ატარებს და  მთავარ როლს მაინც ინდივიდუალური გემოვნება თამაშობს. ამიტომ, თავად უნდა  შევეცადოთ და აღმოვაჩინოთ ჩვენთვის  სასურველი და მისაღები  ღვინისა და ყველის წყვილები.

 

Expret Advices