Search
ან
ჰელოუინი


ჰელოუინი ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლო დღეს აღინიშნება, დღესასწაულზე ეწყობა მსვლელობები, თამაშები, კოსტიუმირებული კარნავალები, სხვადასხვა ღონისძიება. ტრადიციულ ამერიკულ დღესასწაულს ბოლო წლებში ბევრ სხვა ქვეყანაშიც ზეიმობენ - დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, იაპონიაში და ა.შ.  
აშშ-ში არის ტრადიცია როდესაც ჰელოუინის ღამეს ბავშვები იცვამენ საშიშ საკარნავალო კოსტიუმებს და კალათით ჩამოივლიან მეზობელ სახლებს მოწყალების სათხოვნელად, ამ შემთხვევაში ეს ტკბილეულია. ამ ღამეს ყველა სახლი სავსეა კანფეტებით თუ ორცხობილებით, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საჩუქრის გარეშე. აშშ-ში ყოველწლიურად გაყიდული ტკბილეულის მეოთხედი სწორედ ჰელოუინის პერიოდზე მოდის.
ჰელოუინის მთავარი ატრიბუტი გოგრაა, ამოკვეთილი შიშის მომგვრელი თვალებითა და პირით. სხვადასხვა ზომის თუ ფორმის გოგრებს ამ დღეს დეკორაციად იყენებენ, ირთვება სახლები, ეზოები, მაღაზიები. ჰელოუინის თემატიკაზე იქმნება დესერტები, ორცხობილები, შოკოლადები, ნამცხვრები, პურებიც კი. დეკორის ძირითადი  მიმართულებაა მოჩვენებები, ჯადოქრები, მუმიები და სხვა საშიში პერსონაჟები. 
 
ჰელოუინის წარმოშობის შესახებ ორი ვერსია არსებობს, პირველი უკავშირდება ოქტომბრის ბოლოს მოსავლის აღების კელტურ დღესასწაულს, რომლის დროსაც ადამიანები ანთებდნენ კოცონს, იცვამდნენ საშიშ კოსტიუმებს, რათა დაეფრთხოთ ბოროტი სულები და მოჩვენებები. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს წარმართული ტრადიციებია ჰელოუინის დღევანდელი საკარნავალო აქტივობის სათავე. 
მეორე ვერსია უკავშირდება ევროპაში ქრისტიანულ, ყველა წმინდანის დღესასწაულს, რომელსაც პირველ ნოემბერს აღნიშნავდნენ, სახელიც სწორედ აქედანაა All Hallows' Eve. დაახლოებით ერთნაირი შინაარსის მქონე დღესასწაულების შერწყმით წარმოიქმნა ჰელოუინი, რომელიც მე-19-ე საუკუნიდან ირლანდიელმა და შოტლანდიელმა ემიგრანტებმა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ჩაიტანეს, დღევანდელი სახით სწორედ აშშ-ში ჩამოყალიბდა და იქცა ბავშვების და მოზარდების ერთ-ერთ საყვარელ დღესასწაულად.