Search
ან
5 პროდუქტი ზამთრის დასახვედრად

აგრილებასთან ერთად ჩვენს კანს სჭირდება სპეციფიკური მოვლა, გარეგანი მოვლის საშუალებების გარდა, მნიშვნელოვანია საკვებითაც მივიღოთ საჭირო ვიტამინები და მინერალები ჩვენი კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობისთვის. 

ეს ხუთი პროდუქტი გვეხმარება გავიუმჯობესოთ კანის მდგომარეობა ზაფხულის მწველი მზის სხივების შემდეგ და ასევე, კარგად მომზადებულები შევხვდეთ ზამთრის სუსხიან დღეებს.

ვაშლი ანთების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა, ძველი ინგლისურენოვანი ანდაზა - 1 ვაშლი დღეში, ექიმს აგარიდებთო, სულაც არ არის გადაჭარბებული. ვაშლი სავსეა უჯრედისით, ამიტომ მნიშვნელოვანია ვაშლის ჭამა და არა წვენის ფორმით დალევა, რადგან არ დავკარგოთ ძვირფასი უჯრედისი, რომელიც ჯანსაღი მომნელებელი სისტემის საწინდარია. ვაშლის კანი შეიცავს პიგმენტს, რომელიც ანეიტრალებს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეულ ზიანს ადამიანის კანზე, ასევე მასში არსებული ნუტრიენტები მონაწილეობს მელანინის წარმოქმნაში - მელანინი კი იცავს ჩვენს კანს მზის სხივებისგან. 1 ვაშლი დღეში იმუნიტეტის გამაძლიერებელია მისი შემცველი c ვიტამინის გამო, რაც ასე მნიშვნელოვანია ზამთრის წინა პერიოდში, ვირუსების სეზონზე.

კოჭა/ჯანჯაფილის კულინარიული თუ სამედიცინო დანიშნულებით გამოყენების ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის. კოჭას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, ამიტომ არის, ლიმონთან და თაფლთან ერთად ასეთი შვებისმომგვრელი გაციების დროს. ამასთან ერთად მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც კანის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაა აუცილებელი, რიგი დაავადებების პრევენციისთვის. კოჭა აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და უჯრედების ჩანაცვლების პროცესს, ანაწილებს ნუტრიენტებს მთელ ორგანიზმში, ეხმარება ტოქსინების გამოდევნაში, რაც ჯანსაღი და მოვლილი კანის წინაპირობაა.

კეილი “სუპერფუდია” და ითვლება ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად. K ვიტამინით მდიდარი კომბოსტოს ეს სახეობა მონაწილეობს ბევრ სასარგებლო პროცესში, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე შეიცავს კაროტინოიდებს, რომლებიც ბუნებრივად იცავს ჩვენს კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, რაც ანელებს კანის დაბერების პროცესს. 

ნიგოზი ომეგა 3-ით მდიდარი მცენარეული პროდუქტია, 1 მუჭა ნიგოზი დღეში, გვეხმარება შევინარჩუნოთ გლუვი კანი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც სხეულში ნუტრიენტების თანაბრად გადანაწილებისთვის აუცილებელი პირობაა, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და კურნავს მზისგან დაზიანებულ კანს.

ფორთოხალი და ლიმონი, მოგეხსენებათ, C ვიტამინის საბადოა, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებასთან ერთად მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაში, კოლაგენზე კი ჩვენი კანის ელასტიკურობაა დამოკიდებული. 1 ჭიქა ციტრუსის წვენი შეიცავს C ვიტამინის დღიურ დოზას.