Search
ან
ტროპეზიენი - ბრიოში კრემით სენ-ტროპედან

1955 წელს სენ-ტროპეში პოლონელი წარმოშობის კონდიტერი საცხობს ხსნის, სხვადასხვა დესერტებთან ერთად წარმოდგენილია ნამდვილი ვარსკვლავი - ბრიოში კრემით, რომელიც ბებიის რეცეპტის შთაგონებითაა შექმნილი. ალექსანდრ მიკა რეცეპტს საიდუმლოდ ინახავს დიდი ხნის განმავლობაში. საკონდიტროსთან ახლოს იმ ზაფხულს ფილმის “და ღმერთმა შექმნა ქალი”-ს გადაღებები მიმდინარეობს, გადამღები ჯგუფი ხშირად სტუმრობს საცხობს, მათ შორისაა განუმეორებელი ბრიჟიტ ბარდო. მას თავდავიწყებით უყვარდება დესერტი, სწორედ მისი იდეაა დესერტის სახელწოდებაც - ტარტი სენ-ტროპედან იგივე ტროპეზიენი.


ტროპეზიენი ზაფხულის არდადეგებთან, ზღვასთან, უდარდელობასთან და გართობასთან ასოცირდება. მათთვის ვინც სენ-ტროპეში ატარებს არდადეგებს, ეს ერთგვარი რიტუალია, სანაპიროზე, მზის გულზე ტროპეზიენის დაგემოვნება.  

ცომისთვის დაგჭირდებათ:
7 გ საფუარი მომენტალური
35 გ შაქარი
35 გ რძე
210 გ ფქვილი
2 კვერცხი
70 გ კარაქი
1 ჩ.კ. ფორთოხლის ყვავილის ესენცია (სურვილისამებრ)
1 კვერცხის გული

კრემისთვის:
250 გ რძე
30 გ სახამებელი
2 კვერცხის გული
60 გ შაქარი
1 ფირფიტა ჟელატინი
200 გ ნაღები

ყველა მშრალი ინგრედიენტი აურიეთ, დაუმატეთ შემთბარი რძე და კვერცხი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კუბებად დაჭრილი კარაქი და გააგრძელეთ ცომის მოზელა, ვიდრე ერთგვაროვან, ელასტიკურ გუნდას არ მიიღებთ. შეფუთეთ ჯამი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1-2 საათით, ან ვიდრე მოცულობა არ გაორმაგდება.

აფუებული ცომი მსუბუქად გადაზილეთ, გააკეთეთ გუნდა, მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, ჩასვით ყალიბში (მხოლოდ რგოლი), დააფარეთ ნაჭერი და დაელოდეთ ცომის ამოსვლას, 30-40 წუთი. ბრიოშს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული+ცოტა წყალი. მოაყარეთ შაქრის მსხვილი კრისტალები და გამოაცხვეთ.

კრემის მოსამზადებლად მოზრდილ ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი, დაუმატეთ სახამებელი და აურიეთ.

ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში. აადუღეთ რძე, მდუღარე რძე დაასხით კვერცხის მასას, გადაურიეთ და დააბრუნეთ ქვაბში. შემოდგით საშუალო ცეცხლზე და მოხარშეთ კრემი განუწყვეტელი მორევით, 3-4 წუთი. გადმოდით, ცხელშივე ჩააგდეთ გაწურული ჟელატინი და კარგად გადაურიეთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.

გაგრილებული კრემი ათქვიფეთ მიქსერით, უნდა გახდეს პრიალა. მეორე ჯამში ათქვიფეთ ნაღები საშუალო სიმყარემდე, ფრთხილად შეურიეთ საკონდიტრო კრემს.

გაგრილებული ბრიოში გაჭერით სიგანეზე, საკონდიტრო ტომრის დახმარებით დასვით კრემის ბურთები, დაახურეთ ზედა ნაჭერი, მოაყარეთ შაქრის პუდრი.

Bon eppétit! 

თეგები