მწვანილი მთელი წლის განმავლობაში თავისუფლად იყიდება სუპერმარკეტებსა და ბაზრებში, თუმცა მწვანილის შენახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ზამთარში, სათბურის პირობებში მოყვანილ მწვანილს ნაკლები არომატი აქვს, ამასთან, საკმაოდ ძვირიც ღირს. ისეთი მწვანილები, როგორებიცაა რეჰანი, ტარხუნა, ქონდარი და ომბალო შეგვიძლია გავყინოთ ან გავაშროთ. ასევე შეიძლება შევინახოთ ნებისმიერი სხვა მწვანილი.
გაყინული მწვანილი ინარჩუნებს თავის თვისებებსა და არომატს. გაყინული ტარხუნით შეგვიძლია ზამთრის პირობებში ჩაქაფულის მომზადება ისე, რომ შენარჩუნებული ექნება ცოცხალი გემო. მწვანილი უნდა გავრეცხოთ, გავაშროთ, ჩავდოთ გასაყინად განკუთვნილ ცელოფნებში და შევინახოთ საყინულეში. მწვანილი უმჯობესია შევინახოთ დაჭრილი.
გამშრალ მწვანილს განსაკუთრებული გემო აქვს. ხმელი მწვანილი ყოველთვის ვერ ცვლის ნედლს, თუმცა იგი განსხვავებულ ინგრედიენტს წარმოადგენს. რამდენადაც პიტნა და ომბალო არომატს ინარჩუნებს გაშრობის შემდეგ, იმდენად ხმელი რეჰანით ნედლს ვერ ჩავანაცვლებთ. სასურველია გავაშროთ ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა მწვანილი. ომბალოს, ტყის პიტნისა და ბეგქონდარას მოგროვება ტყესა და მინდვრებშიც შეგვიძლია. მწვანილს ჯერ ვრეცხავთ, შემდეგ ვდებთ საწურზე ან საშრობ ქაღალდზე, რომ კარგად დაიწრიტოს. შემდეგ ვკრავთ კონებად და ჩრდილში ვკიდებთ გასაშრობად. მწვანილი უფრო მალე რომ გაშრეს, უნდა დავჭრათ, ხელსაწმენდდაფენილ ლანგარზე დავყაროთ და ჩრდილში დავდგათ. ხანდახან ამოვურიოთ, რომ თანაბრად გაშრეს. ამ მეთოდით შენახული ომბალო იდეალურად ეხამება ტყემალსა და წითელ ლობიოს.
იმისათვის, რომ მწვანილი დიდი ხნის განმავლობაში არ დაჭკნეს, გაურეცხავად შევახვიოთ ქაღალდში, შემდეგ მოვათავსოთ ჰერმეტულ კონტეინერში და შევდოთ მაცივარში. ასე შენახული ახალი, მაღალი ხარისხის მწვანილი 2 კვირამდე ინარჩუნებს ფერსა და არომატს. ამასთან, ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ - რაც მეტია მწვანილში ნიტრატები, მით მალე ფუჭდება.