“ბავშვობიდან ვამჩნევდი და მომწონდა, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად ხასიათისა და პიროვნული თვისებებისა, გემრიელი საკვების მირთმევის შემდეგ კარგ განწყობაზე დგებოდა. კულიანარიული რიტუალის ჩატარება ხელს უწყობდა საყვარელი ადამიანების შეკრებას, კარგ გუნებაზე დადგომას და თბილი საღამოს გატარებას.
პირველად ამ სფეროში მიმართულება და შეიძლება ითქვას შანსი, მომცა რამაზ გემიაშვილმა, აღვფრთოვანდი რამაზის კერძებით და მაშინვე მომინდა მზარეულობის შესწავლა. შემდეგ რესტორან ევროპის სახლში დავიწყე მუშაობა და ასე დაიწო ჩემი მზარეულის კარიერა. გამიმართლა იმაშიც, რომ კარგ ადამინებთან მოვხვდი სამზარეულოში და ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ასევე დიდ გამართლებად ვთვლი ლონდონში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას. დიდი გამოცდილება მივიღე “აჭარა გრუპში” მუშაობისას. ამჟამად ვმუშაობ რესტორან “ცისკარში”. პარალელურად ვხსნი ჩემს პატარა ბისტროს, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული სამზარეულოს კერძები, გადატანილი მაღალი კლასის “street food” ფორმატში. აღსანიშნავია, რომ ყველა კერძი ნატურალური და ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისგან იქნება დამზადებული.
განათლებით მხატვარი სცენოგრაფი ვარ, თუმცა 10 წელზე მეტია გასტრონომიულ სფეროში ვსაქმიანობ, ბევრი რამ ვისწავლე და მგონია, რომ წინ კიდევ მეტი აღმოჩენა მელის, რისთვისაც საჭიროა შრომა და სწავლა. ამ საქმეშიც, როგორც ყველა სხვა პროფესიაში, მთავარია მუდმივი ზრდა და საქმის სიყვარული. მხოლოდ მაშინ ყველაფერი გამოვა”. - თამთა კიკალეიშვილი, შეფ მზარეული.