Search
Or
საშობაო შტოლენი

საშობაო შტოლენის ისტორია 700 წელს ითვლის.
ეს არის საფუარზე მომზადებული ტკბილი პური, ბევრი ცუკატით, თხილეულით და სანელებლით, რომელიც გერმანიაში, უკლებლივ ყველა ოჯახში, სადღესასწაულო სუფრაზეა წარმოდგენილი. შტოლენს შობამდე 2-3 კვირით ადრე აცხობენ, შემდეგ ფუთავენ და ინახავენ დასაძველებლად, უკეთესი ტექსტურის და არომატების მისაღებად. ტრადიციული შტოლენის მომზადება რთული სულაც არ არის, მოიმარაგეთ ინგრედიენტები და მიჰყევით ჩვენს რეცეპტს.


დაგჭირდებათ:

1 ჭიქა რძე
3 ჩ.კ აქტიური მშრალი საფუარი
½ ჭიქა შაქარი
4 ჭიქა ფქვილი
1 კვერცხი
2 კვერცხის გული
170 გ ოთახის ტემპერატურის კარაქი
1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
1 ლიმონის ცედრა
1/3 ჩ.კ მარილი
¾ ჩ.კ დაფქული მუსკატის კაკალი
¾ ჩ.კ ილი
½ ჩ.კ დარიჩინის პუდრი
1 ჭიქა ქიშმიში
1 ჭიქა ციტრუსის ცუკატი
⅓ ჭიქა დაჭრილი ნუში
1/2 ჭიქა შავი რომი
ფქვილი სამუშაოდ
გამოცხობის შემდეგ:
100 გ კარაქი
150 გ შაქრის პუდრი


ჯამში ჩაყარეთ ქიშმიში და ცუკატები, დაასხით რომი და გააჩერეთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.
შეათბეთ რძე, დაუმატეთ 2 ს.კ შაქარი და საფუარი, მოურიეთ და გააჩერეთ ფერმენტაციისთვის 10-15 წუთი.
ჯამში ჩაყარეთ დარჩენილი შაქარი, ფქვილი, მარილი, ყველა სანელებელი, ცედრა, რბილი კარაქი, და კვერცხი. დაიწყეთ რძის ჩასხმა, თან მოურიეთ ხის კოვზით. როდესაც მასა შეიკვრება, გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და მოზილეთ ცომი 8 - 10 წუთი (მიქსერის შემთხვევაში 5-7 წუთი).
ჯამს წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ცომის გუნდა და გადააკარით გრინი კონტაქტურად. დადგით თბილ ადგილას მინიმუმ 1 საათით, ან სანამ ცომის მოცულობა არ გაორმაგდება.
180 გრადუსზე ღუმელში გამოაშრეთ ნუში, 10 წუთით.
გადაწურეთ ქიშმიში, დაუმატეთ ცომს და გადაზილეთ ვიდრე სრულად არ შეერევა, საჭიროების შემთხვევაში დაიხმარეთ ფქვილი. დაუმატეთ ნუშიც.
ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. მსუბუქად გააბტყელეთ და გადაკეცეთ, მიეცით ოვალური ფორმა. მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, მჭიდროდ გადააკარით გრინი და დატოვეთ ასაფუებლად 40 - 50 წუთი.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოაცხვეთ 30-40 წუთი. ხის წკირით დაჩხვლიტეთ გამომცხვარი, ცხელი შტოლენი, რომ კარაქმა კარგად შეაღწიოს ნამცხვარში, გადაუსვით დამდნარი კარაქი და მომენტალურად მოაყარეთ შაქრის პუდრი. გააგრილეთ.
შტოლენი შეგიძლიათ მიირთვათ გამოცხობისთანავე ან შეინახოთ 2-3 კვირით გრილ ადგილას, ასეთ შემთხვევაში შეფუთეთ მჭიდროდ პლასტიკში ან ფოლგაში. დაძველებულ შტოლენს უფრო ინტენსიური გემო აქვს, ტექსტურაც მეტად ნოტიო.
საყინულეში ინახება 1 თვემდე.