Search
Or
მერინგი

ხრაშუნა და ტკბილი მერინგი ბევრისთვის საყვარელი ნუგბარია. გამომცხვარ მერინგებს ხშირად იყენებენ ნამცხვრის მოსართავ ელემენტად, მერინგის ბაზაზე მზადდება კრემები და ბისკვიტები - ის საკმაოდ ფართოდ გამოიყენება კონდიტერიაში.
მერინგის გამოგონებას მიაწერენ კონდიტერს შვეიცარიის ქალაქ მირინგენიდან დაახლოებით 1720-იან წლებში, სახელიც სწორედ აქედან მოდის.

შაქარის დამატებით კვერცხის ცილა ფაფუკი ქაფისგან გადაიქცევა მყარ, პრიალა მასად. რაც უფრო მეტ შაქარს დავამატებთ თქვეფისას, მერინგი მეტად ხრაშუნა გახდება გამოცხობის შემდეგ. პროპორცია კვერცხის ცილის და შაქრის არის 1:1,5 - 2-თან. ანუ, პირობითად, 100 გრამ კვერცის ცილას ვამატებთ 150 - 200 გრამ შაქარს. თუ შაქარს დავუმატებთ თქვეფის დასაწყისშივე, მივიღებთ მკვრივ მერინგს. თუ ავაქაფებთ კვერცხის ცილას, ხოლო შაქარს ეტაპობრივად მივაწვდით, მერინგი უფრო მსუბუქი გამოვა. 
მერინგის მოსამზადებლად სასურველია კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ სანამ კვერცხი ცივია, ხოლო ცილა დავტოვოთ თავდახურულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურამდე გასათბობად. 

არსებობს მერინგის მომზადების ორი მეთოდი - უმი და მოხარშული.
უმი მეთოდით მზადდება ფრანგული მერინგი, ყველაზე მარტივი და გავრცელებული, მრავალფეროვანი ტექსტურით. მისი მსუბუქი ვერსია ასეთია: კვერცხის ცილა ითქვიფება აქაფებამდე და შემდეგ სპატულას დახმარებით ერევა შაქარი, გამოიყენება ტარტების და ტკბილი ღვეზელების დეკორად, საკმაოდ ფაფუკი მასაა და ფორმას ვერ ინარჩუნებს, ცხვება ნამცხვართან ერთად. 
მეტად მდგრადი ფრანგული მერინგის მისაღებად, რომელსაც იყენებენ მყარი ფორმების დასასმელად საკონდიტრო ტომრით ან კოვზით, შაქრის დამატების შემდეგ სჭირდება მეტი თქვეფა, რაც უფრო დიდხანს ითქვიფება, მასა მეტად მდგრადია. ცხვება დაბალ ტემპერატურაზე 90-100 გრადუსზე. 

მოხარშული მეთოდით კეთდება ორი სახეობის მერინგი - იტალიური და შვეიცარიული. 
იტალიური მერინგის მოსამზადებლად 120 გრადუსზე გაცხელებულ სიროპს (შაქარი და წყალი) ასხამენ ათქვეფილ ცილას, თქვეფა გრძელდება ვიდრე მასა არ გაგრილდება და პრიალა გახდება. შედეგად ვიღებთ ფაფუკ, მაგრამ მდგრად მერინგს, რომელიც გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში (კრემებში) ან მოსართავად.
შვეიცარიული მერინგის მოსამზადებლად ცილა, მჟავა და შაქარი ცხელდება ორთქლის აბაზანაზე 75-78 გრადუსამდე და ითქვიფება, ვიდრე მასა არ გამყარდება და გაგრილდება. ასეთი მეთოდით მომზადებული კვერცხის ცილა პასტერიზებულია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. ინახება მაცივარში რამდენიმე დღე, იდეალურია დეკორისთვის.